Friday, September 5, 2014

2014 წლის  მაისში სსიპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაშის საჯარო სკოლაში განხორციელდა პროექტი ,,გავიცნოთ ისტორიული შიდა ქართლი“. პროექტში მონაწილეობდნენ V-VIII კლასის მოსწავლეები. პროექტის ძირითადი მიზანი გახლდათ არა მარტო თეორიული ცოდნის შეძენა, არამედ  კულტურული ღირსშესანიშნაობების უშუალოდ გაცნობა. მსგავსი პროექტების განხორციელება საკმაოდ დიდ წინააღმდეგობებთანაა დაკავშირებული, რადგან ლაშის საჯარო სკოლა მცირეკონტიგენტიანია და ხშირად ვაწყდებით ტრანსპორტირებასთან  დაკავშირებულ ფინანსურ პრობლემებს. ამიტომ, ხშირად გვიწევს კლასების გაერთიანება და ერთობლივი ღონისძიებებით ამ პრობლემის მოგვარება.
პროექტი დავგეგმეთ მაისის დასაწყისში, მოვიძიეთ დაფინანსების წყაროები და შესაძლებლობიდან გამომდინარე დავგეგმეთ მოგზაურობის  მარშრუტი. რადგან პროექტში ჩაერთო I-VI კლასის მოსწავლეები გადაწყდა, რომ მოგვენახულებინა იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი სოფელ ვარიანში. ასევე დაიგეგმა უფლისციხის, ატენის სიონის, ყინწვისის, სამწევრისის და სურამის კვირაცხოვლობის ეკლესიის მონახულება.
საორგანიზაციო საქმეებში ჩაერთვნენ პედაგოგები ნანი კვინიკაძე,  თამარ ძიძიგური და ირმა შველიძე. აღსანიშნავია,  მშობელთა აქტიური ჩართულობაც. საწყის ეტაპზე მოსწავლეებს დავალებული ქონდათ შიდა ქართლის ისტორიული ძეგლების შესახებ ინფორმაციის მოგროვება და შესწავლა, რათა თავად გაეწიათ ექსკურსიამძღოლობა.

დაიგეგმა ერთი ექსკურსია, რომელიც მოეწყო 15 მაისს.  ექსკურსიამძღოლობა იკისრეს ნიკა ძიძიგურმა,  გიორგი ქველიაშვილმა,  ანა კვინიკაძემ და გიორგი ბუაჩიძემ.
დასკვნით ღონისძიებაზე პროექტის მონაწილე მოსაწავლეებმა  პედაგოგებთან ერთად შეაჯამეს პროექტის შედეგები, წარმოადგინეს პრეზენტაციები. განიხილეს მათ მიერ მონახულებული ისტორიული ძეგლები და მათი არქიტექტურული ტიპები. დაახარისხეს შესაბამისი მახასიათებლების მიხედვით. მოსწავლეებმა წერილობით ჩამოაყალიბეს თავიანთი სურვილები და შთაბეჭდილებები.
მოსწავლეებს ძალიან მოეწონათ პროექტი და გამოთქვეს სურვილი სასწავლო წლის განახლებისთანავე ახალი და საინტერესო აქტივობების დაგეგმვისა.